06
May
მმართველობა განვითარებისათვის
0 Comment
2016 წლის 6 მაისს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროექტის – „ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესწავლა საგადასახადო ბაზიდან გამოქვითვის მიზნით ბუნებრივი და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშების ნორმების შესახებ“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრ კომპანიებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შ.პ.ს. „აგარის შაქრის კომპანიის“, ს.ს. „ნიკორას“, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, ს.ს. „ფუდმარტის“, ს.ს. „გუდვილის“ და „IDS BORJOMI GEORGIA-ს“ წარმომადგენლები.
პროექტის ესქპერტებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს ბუნებრივი და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, აღნიშნულ სფეროში კომპანიების გამოცდილება და წინა წლებში საკითხის მოგვარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. მხარეებმა იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული კუთხით.
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები – „ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემია პერიოდულად გეგმავენ სამუშაო შეხვედრებს ბიზნეს ასოციაციებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ბუნებრივი და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრებში მონაწილე კომპანიების შენიშვნები და რეკომენდაციები აისახება პროექტის საბოლოო ანგარიშში.